რა არის მედიაცია და რისთვის გვჭირდება ის?  
მედიაცია ხშირად მოიაზრება, როგორც ,,მოსამზადებელი“, საწყისი და სასინჯი სტადია სასამართლო ან საარბიტრაჟო პროცესის წინ. ,,მედიაცია არის კონფლიქტის მოგვარების ალტერნატიულ საშუალება, რომლის თანახმადაც, ნეიტრალური მესამე პირი ეხმარება მხარეებს შეთანხმების მიღწევაში.“ (Guillemin, New York,2006) მას განიხილავენ, როგორც სასამართლოს ალტერნატივას, თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ, სამწუხაროდ, მედიაცია დიდი პოპულარობით არ სარგებლობს საქართველოში და მხარეები დავის გადასაწყვეტად სასამართლო სისტემას ამჯობინებენ. აღნიშნული კი, ჩემი აზრით, გამოწვეულია მედიაციის შესახებ ინფორმირებულობის ნაკლებობით, თუმცა აღნიშნული პრობლემა  ჩემი ნაშრომის განხილვის მიზანს არ წარმოადგენს და დავუბრუნდეთ ისევ მედიაციის არსსა და მიზანს. მედიაცია წარმოადგენს სპეციალური  ცოდნით აღჭურვილი მესამე პირის მიერ წარმოებულ მოლაპარაკებების ტექნიკას. მოლაპარაკება ძალიან დიდ როლს თამაშობს კონფლიქტის მოგვარებაში, რადგან მხარეებმა თუ არ აღმოაჩინეს ის ,,ნამდვილი ინტერესები“, რისთვისაც ისინი იბრძვიან, მათი კონფლიქტი ვერ მოგვარდება. აღნიშნულს კი სწორედ მოლაპარაკება უზრუნველყოფს, ამიტომ მოლაპარაკება სხვა პირებისაგან სასურველის მიღების ერთ-ერთ ყველაზე ბუნებრივ საშუალებად უნდა განვიხილოთ. ,,ადამიანები განსხვავდებიან, მათ შორის აზრთა სხვადასხვაობის აღმოფხვრა კი მხოლოდ მოლაპარაკებით შეიძლება.“ (A Study in Mediation Style)

კონფლიქტის მოგვარების რამდენიმე სტილი არსებობს. Katina Foster  თავის ნაშრომში ,,Styles of Mediation: Facilitative, Evaluative, and Transformative Mediationაღნიშნავს, რომ მისი დაინტერესება მედიაციის სტილების შესახებ ჯონ ლინდენის სტატიამ Mediation Styles: The Purist vs. The ‘Toolkit’” გამოიწვია.  სტატიაში იგი აღნიშნავს, რომ მედიაციის ოთხი სტილი არსებობს:

·         ხელშემწყობი

·         შეფასებითი                                                           

·         ტრანსფორმაციული

·         თხრობითი

 


ჩემი ნაშრომის მიზანი კი შეფასებითი მედიაციაა, ამიტომაც სწორედ ამ უკანასკნელს მიეძღვნება აღნიშნული ბლოგი.

შეფასებითი მედიაციის პროცესი მთლიანად დამოკიდებულია იმ მედიატორზე, რომელსაც გააჩნია შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება. მედიატორი აფასებს მხარეების არგუმენტებს და ურჩევს მათ ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც სამართლიანი იქნება, ვგულისხმობ იმას, რომ მედიატორი აფასებს სადაო თემის შესახებ მხარეების მიერ წარმოდგენილი პოზიციების  ძლიერ და სუსტ მხარეებს. იგი ასევე განუმარტავს მხარეებს იმ შესაძლო შედეგებს, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს პროცესს  თუ დავა სასამართლოში გაგრძელდა. თუმცა, აღნიშნული სულაც არ გულისხმობს იმას, რომ მედიატორის შეფასებები აუცილებლად გამართლდება სასამართლო პროცესზე.
შეფასებითი მედიაციის მთავარი არსი არის, რომ მხარეებს სჯერათ შემფასებელი მედიატორის, იციან რომ ის არის ძლიერი მხარე აღნიშნულ დავაში, რომელიც მხარეების კონცენტრაციას მოახდენს მხოლოდ იმ ძირეულ პრობლემებზე, რომლებზეც შეთანხმება ნამდვილად საჭიროა. ამ შემთხვევაში მართალია მედიატორი არის მესამე ნეიტრალური პიროვნება, რომელსაც არანაირი დაინტერესება არ უნდა ჰქონდეს აღნიშნული დავის შედეგის მიმართ და მხოლოდ უნდა უსმინოს და ეცადოს მხარეების შორის კომუნიკაციის დამყარებას, თუმცა, შემფასებელი მედიატორი უფლებამოსილია გარკვეული დასკვნები გააკეთოს თითოეული მხარის პოზიციიდან გამომდინარე.

შეფასებითი მედიატორის არჩევა მხარეების მიერ საკმაოდ დიდ წინამოსამზადებელ ეტაპს გულისხმობს, რადგან შეუძლებელია შემთხვევითობის პრინციპით არჩეულ ადამიანს ენდო, მითუმეტეს მას მიანდო ისეთი საქმეების გადაწყვეტა, რომელმაც შესაძლოა დიდი გავლენა იქონიოს შენს მომავალზე. აბა როგორ უნდა ავარჩიოთ კარგი მედიატორი? ამაზე პასუხი გარკვეულწილად მარტივია. უნდა ვიცოდეთ მისი გამოცდილებისა და პიროვნულობის შესახებ. კომპეტენტური მედიატორი არის ის, ვინც მედიაციის მიდგომებს ისეთი ატმოსფეროს შესაქმნელად იყენებს, რა დროსაც თითოეულ მხარეს ჰგონია, რომ მისი ინტერესი იქნა მიღწეული. ამასთანავე უნდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ მედიაციის პროცესში შესაძლოა მხარეების გარდა ადვოკატებიც იყვნონ ჩართულნი, რომლებიც უფრო კვალიფიციურები არიან. ადვოკატები, როგორც წესი, სასამართლოში აქტიურად მუშაობენ, რათა აირჩიონ მედიატორები. შეფასებითი მედიაცის პროცესი, როგორც წესი მოიცავს ღირებულებისა და სარგებლის შესაძლო მიღების ნაბი-ნაბიჯ შეფასებას, რაც ხელს უწყობს იმის გადაწყვეტას უნდა მოხდეს თუ არა სასამართლოში საქმის აღძვრა. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე უნდ აღინიშნოს, რომ ყველაზე კარგი შეფასებითი მედიატორები ადვოკატები არიან, ამასთანავე  მედიატორები შეიძლება იყვნონ მოსამართლეებიც. Zumeta შეფასებითი მედიაციის მხარდასაჭერად აღნიშნავს, რომ აღნიშნული პროცესი მომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ ,,მხარეებს სჭირდებათ პასუხები იმ შემთხვევისას, როცა ვერ მიაღწევენ შეთანხმებას და მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს პასუხი არის სამართლიანი.“ სწორედ ეს მზა პასუხების შეთავაზება უზრუნველყოფს აღნიშნული მედიაციის ტიპის პოპულარიზაციას, რადგან ,,თუ მხარეებს ექნებათ საკმარისი ინფორმაცია, რომ თავად მივიდნენ ლოგიკურ პასუხამდე, მაშინ აზრს დაკარგავდა შეფასებითი მედიაცია.“ (Zumeta)

როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, შეფასებითი მედიაციის გარდა არსებობს კიდევ 3 ტიპის მედიაცია, რომელთა მხარდამჭერები შეფასებითი მედიაციის პროცესს განმარტავენ, როგორც მედიატორის აქტიურ ზეწოლას მხარეებზე, რათა მათ მიაღწიონ შეთანხმებას, რადგან მედიატორისთვის მხოლოდ შედეგია მნიშვნელოვანი, თუმცა მე აღნიშნულ შეფასებას არ ვეთანხმები და  შეფასებითი მედიაციის არსის გასარკვევად მინდა  მაგალითი მოგიყვანოთ, რაც მის რეალურ შეცნობაში დაგეხმარებათ.  კარლსა და ტედს შორის 9 თვის წინ მოხდა შეთანხმება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებაზე, რომლის მიხედვითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ტედი გარანტიას კომპიუტერების ფუნქციონირებაზე გასცემდა მას შემდეგ, რაც ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდებოდა. გარანტია ფარავდა კომპიუტერების ნაწილების შეკეთებისა და მომსახურების ხარჯებს. ამასთანავე, კარლი ამატკიცებდა, რომ ტედისგან არ მომხდარა საგარანტიო ფურცლის გაცემა, ხოლო აღნიშნული კომპიუტერები აღარ ფუნქციონირებდა, რის გამოც მან ტედის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა მისთვის 2000$ ის დაკისრება. მოსამართლემ აღნიშნული დავა გადასცა მედიატორს. როდესაც მედიაციის პროცესი დაიწყო, მედიატორმა საქმის მოკლე მიმოხილვა გააკეთა და მხარეებს განუმარტა, რომ დავა მათ შორის უნდა მოგვარებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე ისევ სასამართლოშო დაბრუნდებოდა განსახილველად. მედიატორმა ორივე მხარე მოიწვია და სთხოვა თითოეულ მათგანს მოეყოლა ის, რასაც სწორად მიიჩნევდნენ აღნიშნული დავიდან გამომდინარე. როდესაც ტედის დრო დადგა მან განაცხადა, რომ კარლს ჰქონდა მისი ტელეფონის ნომერი, ხოლო მისგან არანაირი შეტყობინება არ მიუღია. პირველი რამდენიმე წუთის განმავლობაში მხარეები აქტიურად დებატობდნენ, თუმცა მედიატორის მხრიდან მოხდა რამდენიმე დამაზუსტებელი შეკითხვის დასმა, რის შემდეგაც მან თითოეულ მხარეს ჰკითხა თუ როგორი შედეგი იქნებოდა მათთვის სამართლიანი. კარლი ითხოვდა 2 ახალ კომპიუტერს ან 2000$, რაზეც ტედმა უარი განაცხადა, თუმცა ამავე დროს გააკეთა კარლისათვის მისაღები ოფერტი. ალბათ გაინტერესებთ თუ რა მოხდა საბოლოოდ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ტედი კომპიუტერების დაზიანებულ ნაწილებს შეუცვლიდა და მისცემდა 2 წლიან გარანტიას. აღნიშნული მედიაციის პროცესი კი მხოლოდ 45 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. (June, 2003)

მედიაციის პროცესი არ გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ მხარეებმა საბოლოოდ რაიმე შეთანხმებას მიაღწიონ. უფრო მეტიც, უნდა აღვნიშნო, რომ მედიაციის შედეგს თავად მხარეები განსაზღვრავენ. მიღწეულ შეთანხმებას იქამდე არ აქვს მბოჭავი ძალა, სანამ მხარეები თავიანთი ხელმოწერით არ დაადასტურებენ მიღებული შეთანხმების ვალიდურობას.  თუ მხარეები ვერ შეთანხმდნენ გარკვეულ პირობებზე მედიაციის პროცესი იშლება, რაც დამეთანხმებით არც თუ ისე სახარბიელოა კარგი მედიატორისთის.  ხშირად მოდავეებს შორის გარკვეული ურთიერთობები არსებობს იქნება ეს პირადული თუ სამსახურეობრივი, ამიტომაც მნიშვნელოვანია, მედიატორმა ისე წარმართოს პროცესი, რომ მხარეებს შორის მოხდეს ამ ურთიერთობების შენარჩუნება.  აღნიშნულის მისაღწევად კი მედიატორები ხშირად მიმართავენ Caucus-ს,
რომელიც წარმოადგენს ინდივიდუალურ გასაუბრებას მხარეებთან. Caucus არის საშუალება იმისა, რომ მედიატორმა გაიგოს ის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელსაც მხარეები არ ამჟღავნებენ მედიაციის პროცესის მიმდინარეობისას. (McDonald, Cheryl, 1996)

 











Bibliography

      Ø      Guillemin, Jean-Francois, Reasons for Choosing Alternative Dispute Resolution, in:                    Goldsmith, J.C./Ingen-Housz, Arnold,/Pointon, Gerald, H. (Editors) ADR in Business,                    Practice and Issues across Countries and Cultures, ‘’Kluwer Law International’’, New-York,             2006, 35.
Ø  A Study in Mediation Styles: A Comparative Analysis of Evaluative and Transformative Styles (June, 2003)

Ø  Introduction, in: Fisher, Roger/Ury, William/Patton, Bruce, Getting to YES, Negotiating Agreement Without Giving In, Second Edition, Harvard Negotiation Project, ‘’Penguin Books,’’ New-York, 1991)

Ø  Styles of Mediation: Facilitative, Evaluative, and Transformative Mediation by Zena Zumeta


Ø  Facilitative vs. evaluative mediation


Ø  Must We Choose Between Facilitative and Evaluative Techniques for Successful Mediation? By Thomas I. Elkind


Ø  Four Different Styles of Mediation – Dorman Mediation


Ø  http://www.lawgazette.com.sg/2013-01/648.htm

Ø Content of Communication – McDonald, Cheryl





 


 

Comments